Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წიგნის „პროფესიული განათლების ისტორია საქართველოში“ პრეზენტაცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მიერ მომზადებული უნიკალური გამოცემის „პროფესიული განათლების ისტორია საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ ქარსელაძე, განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მ.შ. ლაშა მარგიშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მ.შ. კახა ხანდოლიშვილი, თსუ რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

„საქართველოსთვის პროფესიულ განათლებას თავისი გამოკვეთილი მნიშვნელობა აქვს. ისტორიულად ჩვენში პრესტიჟული იყო რაიმე ხელობის შესწავლა. მე-19 საუკუნე პროფესიული სკოლების ეპოქად იქცა. საქართველოში დღესაც ნათლად ჩანს პროფესიული განათლების საჭიროება. ვიცით, რომ ბევრი საინტერესო რამ იგეგმება ამ მიმართულებით. წარმოდგენილ წიგნში შესული მასალის მოგროვება არ იყო ადვილი. ამ წიგნით ბევრ უცნობ ინფორმაციას გაიცნობს ფართო საზოგადოება,“- განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

 

„პროფესიული განათლება ჩვენს ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს, ამ მიმართულებით განსაკუთრებულად ვამახვილებთ აქცენტებს; ვაპირებთ, რომ გავაძლიეროთ როგორც პროფესიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, ასევე განვავითაროთ ის პროგრამები, რომელიც ბაზრის საჭიროებაზე იქნება მორგებული, ასევე გავზარდოთ სასწავლებლების გეოგრაფიული არეალი. საქართველოში დღეს ბევრი ინვესტორი შემოდის და მათ არ უნდა ჰქონდეთ დისკომფორტი, არ უნდა სჭირდებოდეთ კადრების ჩამოყვანა, ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალუირად უნდა იყოს დასაქმებული. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა სანდოობა პროფესიული პროგრამებისადმი,“- აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

 

წიგნს „პროფესიული განათლების ისტორია საქართველოში“ საფუძვლად უდევს დღემდე არსებული გამოცემები, პერიოდიკა და სხვა საარქივო მასალები, რომელიც საქართველოში პროფესიული განათლების ისტორიას დოკუმენტურად ასახავს. მასალები მოძიებულია საქართველოს ეროვნული არქივის და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით.

 

საქართველოში პროფესიული კადრების მომზადებას მრავალი საუკუნის წინ ანიჭებდნენ უდიდეს მნიშვნელობას. ამის ნათელი დადასტურებაა უძველესი კოლხეთისა და იბერიის მიწათმოქმედების კულტურა და ხელოსნური ტრადიციები, შუა საუკუნეების აკადემიები, ამქრები და სახელოსნოები, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში შეუწყო ხელი ეროვნული თვითმყოფადობისა და კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებას, ერისა და ქვეყნის ურყეობას.

 

წიგნის ავტორ-შემდგენელია თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი სალომე ჭანტურიძე, მთავარი რედაქტორი - თსუ რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი.

 

„პროფესიის დაუფლება კაცობრიობის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია. საქართველოს ტერიტორიაზე, ოდითგანვე, განათლებას და ცოდნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. თუმცა, ოფიციალურად პროფესიული სასწავლებლები მხოლოდ მე-19 საუკუნეში გაჩნდა. 1847 წლის 17 მარტს, პირველი პროფესიული სასწავლებელი - კავკასიის სამიჯნო სკოლა გაიხსნა, რომელიც იმ პერიოდის გამოწვევას პასუხობდა და მიწის მზომენელებს ამზადებდა. ამას მოჰყვა სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლები და მუშათა სკოლები“,-აღნიშნა წიგნის ავტორმა. სალომე ჭანტურიძის თქმით, გამოცემა არის აღნიშნული თემის ერთიანი სახით გამოცემის პირველი მცდელობა, უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა გამოცემის მეორე ნაწილზე.

 

თსუ პროფესიული განათლების ცენტრი გეგმავს გამოცემის და თემატური ფოტოგამოფენის წარდგენას და პრეზენტაციას საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა სასწავლებლებში.

 

გამოცემა „პროფესიული განათლების ისტორია საქართველოში“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის მიერ თბილისის მერიის პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ კონკურსის - „საგამომცემლო საქმიანობა“  ფარგლებში მომზადდა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა.

 

გამოცემა ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და მოიცავს პროფესიული განათლების ისტორიას XIX  საუკუნის 40-იანი წლებიდან 1921 წლამდე.

თარიღი: 05/11/2025